დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

გაფართოებული ასორტიმენტი და მზარდი საექსპორტო მიმართულება - რა გეგმებზე მუშაობს „ოჯახური“

გაფართოებული ასორტიმენტი და მზარდი საექსპორტო მიმართულება - რა გეგმებზე მუშაობს „ოჯახური“

ბოლო პერიოდში „ოჯახურმა“ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ასორტიმენტის განვითარებას და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების დამატებას , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს  კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, ქეთი ბარნაბიშვილმა განუცხადა.

რომელი მნიშვნელოვანი სიახლეები და ახალი პროდუქტები დაამატეთ ასორტიმენტს ბოლო პერიოდში?

ბოლო პერიოდში „ოჯახურმა“ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ასორტიმენტის განვითარებაზე და მომხმარებლის საჭიროებებზე მეტად მორგებულ პროდუქტებზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა მზა სანელებლების ნაზავების განვითარება, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებს კულინარიულ პროცესს.

მომხმარებლის მხრიდან მზარდი მოთხოვნის ფონზე, გავაფართოვეთ ისეთი პროდუქტების ხაზი, როგორიცაა სხვადასხვა კერძისთვის განკუთვნილი მზა საკმაზები, მათ შორის ყაურმის, ფლავის, ხორცისა და სხვა კერძების სანელებლები.

ამ პროდუქტების მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ისინი უკვე დაბალანსებულია და მომხმარებელს აღარ სჭირდება სხვადასხვა სანელებლის ცალკე შერჩევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე, სწრაფი ცხოვრების ტემპის პირობებში.

მთლიანობაში, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ასორტიმენტი, რომელიც ერთდროულად იქნება პრაქტიკული, მრავალფეროვანი და მაქსიმალურად მორგებული როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე სამზარეულოზე.

როგორ ვითარდება კომპანიის საექსპორტო მიმართულება? გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას?

საექსპორტო მიმართულება „ოჯახურისთვის“ ერთ-ერთი სტრატეგიული და დინამიურად განვითარებადი მიმართულებაა. ბოლო პერიოდში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარება და ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ასორტიმენტი საექსპორტო მიმართულებით ნაწილობრივ განსხვავდება ადგილობრივი ბაზრისგან. კონკრეტულად, გვაქვს პროდუქციის კატეგორიები, რომლებიც სპეციალურად უცხოური ბაზრებისთვის იწარმოება.

საექსპორტო მიმართულებით წარმოდგენილია რამდენიმე სახეობის მურაბა, ტყემალი, აჯიკა და მწნილეული. ასევე, ამ ასორტიმენტში შედის დაკონსერვებული ვაზის ფოთოლი, ეკალა და ღანძილი. ეს პროდუქტები განსაკუთრებით მოთხოვნადია უცხოეთში ქართული სამზარეულოს მოყვარულ მომხმარებლებს შორის.

ამ ეტაპზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება როგორც უკვე არსებულ ბაზრებზე, ისე ახალი მიმართულებებიდანაც. ტრადიციულად აქტიური რჩება ევროპული ბაზრები, თუმცა პარალელურად ვხედავთ მზარდ ინტერესს სხვა ქვეყნებიდანაც, რაც ექსპორტის გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა მთავარი მიზნები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

წლის დარჩენილი პერიოდისთვის „ოჯახურის“ მთავარი მიზანია სტაბილური ზრდის შენარჩუნება და განვითარების იმ ტემპის გაგრძელება, რომელიც წლის დასაწყისში ჩამოვაყალიბეთ.

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კვლავ წარმოების გაძლიერება და პროცესების ოპტიმიზაციაა, რაც საშუალებას მოგვცემს, მზარდ მოთხოვნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ეფექტურად ვუპასუხოთ.

პარალელურად, ვაგრძელებთ ასორტიმენტის განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც ამარტივებს კულინარიულ პროცესს და მომხმარებლის ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს ხდის.

საექსპორტო მიმართულებით, ჩვენი მიზანია არსებული ბაზრების კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი პარტნიორობების შექმნა, რაც ეტაპობრივად გაზრდის „ოჯახურის“ გეოგრაფიულ დაფარვას.

ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას ბრენდის ცნობადობის ზრდაზე და მომხმარებელთან უფრო აქტიურ კომუნიკაციაზე, როგორც ციფრულ არხებში, ისე სხვადასხვა პროექტებისა და თანამშრომლობების ფარგლებში.

მთლიანობაში, ჩვენი მიზანია, „ოჯახური“ ჩამოვაყალიბოთ როგორც ძლიერი, სანდო და თანამედროვე ქართული ბრენდი, რომელიც თანაბრად წარმატებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

arrow